ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, სტერილური და ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობა ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნების მიხედვით იცვლება. იგი უზრუნველყოფს ბავშვს ადვილად მოსანელებელი მაღალხარისხიანი კვებითი ნივთიერებებით.

ჩვილობის ასაკში ძუძუთი კვება მოზარდის ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია. 

რძე ეხმარება ჩვილს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და მნიშვნელოვნად ამცირებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს.

სამყაროში არ არსებობს კავშირი უფრო ძლიერი და ამავე დროს უფრო ფაქიზი, ვიდრე კავშირი დედასა და შვილს შორის. ძუძუთი კვება უზრუნველყოფს დედისა და ბავშვის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ კეთილდღეობას. ის ამყარებს უხილავ და ინტიმურ კავშირს დედასა და ბავშვს შორის.

იმისათვის რომ ახალშობილის ძუძუთი კვება გაგიადვილდეთ მნიშვნელოვანია ამისთვის წინასწარ მოემზადოთ. მომზადებაში კი მთავარია მოემზადოთ ფსიქოლოგიურად, ბევრი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველა ქალს აქვს უნარი გამოკვებოს შვილი ძუძუთი. მთავარია სურვილი და მონდომება.

სანამ ჩემს შვილი დაიბადებოდა, გავეცანი უამრავ ინფორმაციას ძუძუთი კვების შესახებ, წავიკითხე სტატიები და ბლოგები, წინასწარ განვეწყვე იმისთვის რომ შესაძლოა ძუძუთი კვებას მოჰყოლოდა ტკივილი, დისკომფორტი, რძის შეგუბება, მკერდის გამაგრება და ა.შ. მიუხედავად ამისა ბევრი რამ მაინც სიურპრიზი აღმოჩნდა, ზოგიერთი მათგანი ადვილად გადავლახე, ზოგჯერ კი უბრალოდ აღარ შემეძლო და ვფიქრობდი საერთოდ შემეწყვიტა ეს პროცესი და ბავშვი  ხელოვნურ კვებაზე გადამეყვანა.

არ მინდა გეგონოთ რომ მთელი ეს პროცესი მხოლოდ დისკომფორტია, არა, პირიქით ძუძუთი კვების  მხოლოდ მცირე ნაწილია მტკივნეული, ალბათ ესეც მხოლოდ საწყის ეტაპზე, უმეტესი კი უბრალოდ დიდი ბედნიერება,  სიამოვნებაა და  იმის შეგრძნებაა რომ თქვენ, თქვენი სხუელით კვებავთ თქვენს შვილს და ამით აწვდით მას ყველაზე მნიშვნელოვანს რაც კი შეგიძლიათ მისცეთ.

ამ ბლოგით მინდა გაგიზიაროთ ის მნიშვნელოვანი საკითხები რაც უნდა იცოდეთ ძუძუთი კვების დროს რათა პროცესი იყოს მშვიდი და ჰარმონიული. 

                                           

პირველი შეხვედრა

მას შემდეგ რაც მე ასე მომზადებული წავედი სამშობიაროში, ვიცოდი  რომ ძუძუთი კვების დასაწყებად საუკეთესო დრო ის წუთები იყო, როცა სამშობიარო ბლოკში ახალშობილს მკერდზე დაგიწვენენ, წარმატებული ლაქტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ძუძუ დაბადებიდან მალევე, მაქსიმუმ 1 საათში შესთავაზოთ. 

პირველ რძეს ხსენი ჰქვია, ის  ძალიან ბევრ  ცილას, ცხიმს და ანტისხეულს შეიცავს, რაც  ძალიან მვნიშნელოვანია ახალშობილის იმუნიტეტის ფორმირებისთვის, ნუ შეგაშინებთ მისი მცირე რაოდენობა, ბავშვისთვის ის სავსებით საკმარისია. წოვასთან ერთად ხსენი რძედ იქცევა და უფრო მეტი წარმოიქმნება. 

თუ თქვენც ჩემსავით საკეისრო კვეთით აჩენთ ბავშვს მნიშვნელოვანია როგორც კი პალატაში გადაგიყვანენ მაშინვე მოითხოვოთ ბავშვის მოყვანა და შესთავაზოთ ძუძუ. 

პირველი და უმთავრესი არის ძუძუზე სწორი მოჭიდება, თუ ეს თავად ვერ შეძელით ნუ შეგეშინდებათ და დაიხმარეთ ექიმი. 

სწორი მოჭიდების განსახორციელებლად პირველ რიგში მოთავსდით მოხერხებულად, ბავშვი მთელი სხეულით მოაბრუნეთ თქვენსკენ, ძუძუ მოათავსეთ ხელის 4 თითსა (ძუძუს ქვემოთ) და ცერს შორის (ზემოთ), შეახეთ მის ზედა ტუჩს ძუძუსთავი, ამის შემდეგ ის რეფლექსურად გააღებს პირს ფართოდ და ჩაუდეთ მთელი არეოლა (ძუძუს მუქი რგოლი).  სწორი მოჭიდების დახმარებით გაგიმარტივდებათ ძუძუთი კვება და თავიდან აიცილებთ ძუძუსთავის დაზიანებას.

გახსოვდეთ, რომ ძუძუთი კვება არ უნდა იყოს მტკივნეული. როგორც კი წოვის დროს იგრძნობთ ძუძუსთავების ტკივილს, შეწყვიტეთ კვება, როგორც კი ბავშვი ისწავლის სწორად მოჭიდებას პროცესი გაცილებით გამარტივდება,  ნუ შეშინდებით, თუ თქვენს ახალშობილს უჭირს ძუძუს პოვნა ან წოვა. ლაქტაცია მოითხოვს მოთმინებას და მონდომებას. 

                                          

დახმარების მიღება და მშვიდი გარემო 

ახალბედა დედების 83 პროცენტი იწყებს ძუძუთი კვებას, მხოლოდ 47 პროცენტი ახერხებს გააგრძელოს ლაქტაცია. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიხედვით ქალების მხოლოდ ერთი მესამედი ახერხებს კვებოს ბავშვი ბუნებრივად. ადეკვატური მხარდაჭერის ნაკლებობა არის ამ ფაქტის უმთავრესი მიზეზი. ქალის მხარდაჭერა და დახმარება იწყება სამშობიაროდან და აუცილებლად უნდა გაგრძელდეს  ოჯახში.

მიიღეთ დახმარება და მხარდაჭერა თქვენი მეუღლისგან და ოჯახის წევრებისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული ლაქტაციისთვის.

დაიძინეთ ბავშვის ძილთან ერთად, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, იკვებეთ ჯანსაღად და თავისუფლად, ყოველგვარი დიეტების გარეშე. თქვენი სიმშვიდე და კარგი განწყობა პირდაპირ პროპორციულად აისახება რძის რაოდენობაზე და ახალშობილის გუნება განწყობაზეც. 

ყველა ბავშვი და ყველა ლაქტაცია ინდივიდუალურია

პირველ კვირებში ბავშვი კვების და დროის უმეტეს ნაწილს თქვენს მკერდზე ატარებდეს ეს ბუნებრივია, მას ამ დროს ყველაზე მეტად სჭირდება დედის სხეულთან ახლოს ყოფნა. 

ახალშობილს დღეში 8-დან 12ამდე კვება სჭირდება, ზოგი ახალშობილი ყოველ 1 საათში ერთხელაც კი ითხოვს კვებას, შემდეგ ბავშვი თავად გამოიმუშავებს საკუთარ რეჟიმს და ჭამებს შორის შუალედებიც გაიზრდება. ღამის კვება ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, ღამის კვება ხელს უწყობს რძის გამომუშავებას. 

თუ ბავშვს არ აკმაყოფილებს ერთი ძუძუ, შესთავაზეთ მეორეც. აუცილებელია, რომ ძუძუ ბოლომდე დაიცალოს, ვინაიდან რძის ბოლო ულუფა ცხიმით მდიდარია. 

ჯადაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და ამერიკის პედიატრთა ასოციაციის გაიდლაინებით, ახალშობილი უნდა გამოკვებოთ შიმშილის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე, რადგან ტირილი უკანასკნელი ნიშანია და კარგი იქნება, თუ მანამდე აჭმევთ ბავშვს, სანამ ატირდება. 

ლაქტაცია მოთხოვნისა და მიწოდების პრინციპზეა აგებული, ე.ი. რაც უფრო ხშირად წოვს ბავშვი, შესაბამისად მეტია რძის რაოდენობა. ქალის ორგანიზმი იმდენ რძეს გამოიმუშავებს, რამდენსაც გასცემს. 

პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე ბავშვის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე მთლიანად აკმაყოფილებს. სითხეების მიწოდება, საწოვარა, ბოთლით კვება ან ადრე დაწყებული დამატებითი საკვები ამცირებს რძის წარმოქმნას და ქმნის საკვების მონელების პრობლემებსაც.                                     

რძის ხელოვნური მარაგი

რძის გამოწველა კარგი გამოსავალია, როცა წინასწარ იცით, რომ კვების დროს ბავშვთან ვერ იქნებით. როცა შინ რძის მარაგი გეგულებათ, შეგიძლიათ, უფრო თამამად მიხედოთ თქვენს საქმეებს.

რძის გამოწველას სხვა დადებითი შედეგიც აქვს – ძუძუს დაცლა ხელს უწყობს ახალი რძის უფრო ინტენსიურ წარმოქმნას.

არსებობს ორი ტიპის საწველი აპარატები: მექანიკური, რომლებიც ხელით უნდა ამუშავოთ და ელექტრონული, რომლებსაც რამდენიმე რეჟიმი აქვს.  რძის შესანახი კონტეინერებიც ორი ტიპისაა: მრავალჯერადი, ისეთი მასალისგან დამზადებული, რომელიც რძის დიდხანს შესანახადაა საჭირო, და ერთჯერადი, რომელიც სტერილურია და ასევე კარგად და ხანგრძლივად ინახავს რძეს. ორივე ტიპის კონტეინერებს აქვს სპეციალური ადგილი, სადაც რძის გამოწველის თარიღი და დრო უნდა მიაწეროთ. რამდენ ხანს იქნება რძე გამოსადეგი, მისი შენახვის პირობებზეა დამოკიდებული.

ჩემი პირადი გამოცდილებით გირჩევთ რძის ელექტრონულ საწველ მოწყობილობას რომლის მოხმარება საკმაოდ მარტივი და გაცილებით კომფორტულია.

ოთახის ტემპერატურაზე შენახული რძე გამოწველიდან 6 საათის განმავლობაშია ვარგისი. იდეალურ შემთხვევაში, უმჯობესია, 4 საათში გამოიყენოთ. 

თუ ახალგამოწველილი რძის სადმე წაღება გიწევთ, გირჩევთ, ყინულის პაკეტებში მოათავსოთ.

მაცივარში რძე 5 დღე ძლებს (შეინახეთ შიდა თაროზე, სადაც ტემპერატურა მუდმივია და არა კარში).

გაყინულმა რძემ კი  შესაძლოა 3-დან 6 თვემდე გაძლოს. ეს გაყინვის პროცესზეა დამოკიდებული. 

გამოყენების წინ პირველესად გამოიყენეთ ის ულუფა, რომელსაც უფრო ადრინდელი თარიღი აქვს.

გაყინული რძე გაალღვეთ თბილი გამდინარე წყლის ნაკადის ქვეშ. ნუ გამოიყენებთ ცხელ წყალს და მიკროტალღურ ღუმელს – მათი ზემოქმედებით რძე სასარგებლო თვისებებს დაკარგავს და შესაძლოა, აიჭრას კიდეც, გარდა ამისა, შესაძლოა მეტისმეტად გაცხელდეს და ბავშვს პირი დასწვას.

გამლღვალ ულუფას ხელმეორედ ნუღარ გაყინავთ, თუ 24 საათის განმავლობაში არ გამოიყენეთ, გადაღვარეთ.

რაც შეეხება რძის ტემპერატურას, შეათბეთ რძე გამდინარე თბილი წყლის ჭავლის ქვეშ. თუ ბავშვი ულუფას ვერ მოერია, ნარჩენს გადაღვარეთ.

                                                  

ყოფნის თუ არა ბავშვს რძე?

ეს კითხვა ყველა დედას ერთხელ მაინც გაგვჩენია ლაქტაციის დროს, ხელოვნური კვებისგან განსხვავებით როდესაც ზუსტად ხედავ რამდენი გრამი მიიღო ბავშვმა, ლაქტაციის დროს ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. 

მაგრამ არსებობს რამდენიმე ფაქტორი რაც დაგეხმარებათ იმის გარკვევაში ჰყოფნის თუ არა თქვენს შვილს რძე.

შარდავს 6-8 ჯერ მაინც დღე-ღამეში, ეს ნიშნავს რომ მისი საფენი მუდმივად სავსეა უნდა იყოს როდესაც უცვლით.  

აქვს ნაწლავთა ყოველდღიური მოქმედება 1-2-ჯერ დღე-ღამეში (ზოგჯერ ყოველი კვების შემდეგაც.

კვების შემდეგ ამჩნევთ, რომ დაკმაყოფილებულია, იძინებს, მშვიდად არის 

მისი წონის ნამატი კვირაში შეადგენს საშუალოდ 150-200-გ-მდე.

ბავშვის ზრდის პროცესში მისი მოთხოვნილება საკვებზე ყოველდღიურად იცვლება მისი ასაკის,ინდივიდუალური თავისებურებების და განვითარების ტემპის მიხედვით, ზოგიერთ ბავშვს ცოტა ჰყოფნის, ზოგი უფრო მსუნაგია, როგორც ყოველთვის აქაც ყველაფერი ინდივიდუალურია. 

ლაქტაციური კრიზი

ლაქტაციიდ დროს დგება დღეები როცა გვგონია რომ თითქოს რძე უცებ ქრება, ან ბავშვი ხდება ძალიან გაღიზიანებული, სულ შია და ცუდად სძინავს.

დაბადებიდან 1 წლის განმავლობაში ასეთი პერიოდი რამდენჯერმე დგება

ყველაზე ხშირად ეს ხდება 6 კვირაზე, 3 თვეზე, 6-7 თვეზე  და 9 თვეზე.

კრიზისული დღეების ყველაზე ხშირი მიზეზი არის ბავშვის სწრაფი ზრდა, ალბათ შეგიმჩნევიათ რომ ხანდახან უცებ 1 კვირაში რამოდენიმე სანტიმეტრს/ნორმაზე მეტ გრამს მოიმატებს, ან ერთ დღეში რამე ახალს ისწავლის.

ასეთ პერიოდებში ბავშვს ესაჭიროება მეტი რძე, და ამიტომ რძის ის რაოდეცნობა რომელიც აქვს დედას არ ჰყოფნის და საჭიროა მეტი რძის გამომუშავება.

მკერდიც აღარაა ისე გადავსებული და ნაკლებად გრძნობთ რძის ჩადგომას 

როგორც ვიცით რძის გამომუშავება ხდება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპით, ანუ იმისათვის, რომ უცებ გაზრდილ ბავშვს რძე ეყოს უნდა გავაგრძელოთ მისთვის უფრო ინტენსიურად ძუძუს მიცემა, ეს საჭიროა იმისათვის რომ მოხდეს რძის რაოდენობის ზრდა, არ შეგვეშინდეს და მოვიცადოთ.  მოთმინება ხომ გახსოვთ რამდენად მნიშვნელოვანია ლაქტაციის დროს.

ასეთი კრიზიის დროს, იმისთვის რომ  მალე დაგვიბრუნდეს რძის ბავშვისთვის სამყოფი დოზა ძალიან მნიშვნელოვანია

კანი კანთან კონტაქტი, ეცადეთ გაცილებით ხშირად გყავდეთ ასე,

ძუძუს მიცემა ნებისმიერ დროს როცა მოუნდება (ხშირად);

არ აყვეთ ნერვიულობას და პანიკას, რძე აუცილებად დაგიბრუნდებათ.

არ მისცეთ წყალი ან დამატებითი სითხე (6 თვემდე)

არავითარ შემთხვევაში არ  მისცეთ ხელოვნური საკვები

სვით ბევრი წყალი, ჭამეთ რაც გიყვართ, ჩაეხუტეთ თქვენს პატარას. კარგი განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია.           

                                                          

ჩემი მიზანი იყო მეკვება  ბავშვი ბუნებრივად, ამისთვის მთელი ორსულოვა ვემზადებოდი, როგორც ფსიქოლოგიურად ისე ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით. 

ჩემს შემთხვევაში ექსკლუზიურად ძუძუთი კვება 6 თვემდე გაგრძელდა, 6 თვიდან კვების რაციონში შემოვიდა მყარი საკვები  და ძუძუ გახდა დამატებითი კვება. დროთა განმავლობაში ძუძუთი კვება მხოლოდ დილა საღამოს კვებად დარჩა და ასე გაგრძელდა 1 წელი და 2 თვე. 

ეს ჩემი არჩევანი იყო. ჩემი პირადი გადაწვეტილება, რაც არ ნიშნავს იმას რომ თქვენც ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ, თქვენ უნდა იყოთ თავისუფალი თქვენს არჩევანში, მხოლოდ ასე შეძლევთ იყოთ ბედნიერი და გქონდეთ სასიამოვნო ლაქტაცია.